გიგა ბოკერია - ამ რანგის აღშფოთება და ასე ხელის დადება როგორ შეიძლება ვინმეზე 
გიგა ბოკერია - ამ რანგის აღშფოთება და ასე ხელის დადება როგორ შეიძლება ვინმეზე 

ბავშვებს თვალები რომ დათხარეს, ეს ხალხი არ აღშფოთებულა, უმკაცრესი დასჯა არ მოუთხოვიათ და სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ შეიძლება, უსაფუძვლოდ ხელის დადება პოლიტიკურ ოპონენტებზე.

„ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში და საოცარი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს იქნებოდა უბრალოდ ანეკდოტი. აღშფოთებულნი არიან. ტერაქტიაო, ყვირიან. ვინმეს თუ სუნზე ჰქონდა რეაქცია, ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. მაშინვე ხელი გაიშვირეს პოლიტიკური ოპონენტებისკენ და იქნებ მეამბოხე დეპუტატებზე ეკითხათ, იქნებ ივანიშვილზე გაბრაზებულები არიან და სჯიან. ასე ხელის დადება როგორ შეიძლება ვინმეზე. თან ამ რანგის აღშფოთება?! ესეც ერთ-ერთი სახეა ამ რეჟიმის, როგორც რეაგირებენ ამ ინციდენტზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილის გვარი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.