გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის წევრებს კობა გვენეტაძისთვის კითხვების დასმის საშუალება არ ეძლევათ
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ოპოზიციის წევრებს კობა გვენეტაძისთვის კითხვების დასმის საშუალება არ ეძლევათ

ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“, უმწვავესი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიწვია მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომ მას კითხვები დაუსვან, თუმცა ოპოზიციის წევრებს ამის საშუალება არ ეძლევათ.

„ახლა რა ლოგიკას გვთავაზობთ. არის კითხვები, რომლებზეც  შეიძლება წამომცდეს ისეთი პასუხი, რაც დააზიანებს ქვეყანას და ამიტომ კითხვები არ დამისვათო? ანუ მას არ შეუძლია, რომ რაღაცაზე პასუხი გაგვცეს – ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ინტერესებს; ამის უნარი არ აქვს და ამიტომ კითხვებს არ გვასმევინებთ? ეს რა ლოგიკაა. ხვალ რომ იქნება მწვავე ვითარება, გავაუქმოთ ეს პარლამენტი?”,- აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიამ კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიასაც მიმართა: “კენჭისყრაზე დააყენეთ საკითხი და ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ გზავნილზე, რომ როცა რეგულატორი ასე ცუდად იქცევა, ამდენი კითხვის ნიშანია,  პარლამენტი და ეს კომიტეტი აცხადებს, რომ გადაეფარება წინ მატროსოვივით, რათა მობანოს ეს სირცხვილი. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ახლა თქვენ“.

საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე, „თბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კომიტეტის დღის წესრიგის თანახმად, დღეს „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს, თუმცა, ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.