გია ვოლსკი - ვფიქრობ, დავით უსუფაშვილმა თავის დონეს, რეალურ ადამიანურ, თუ პარტიულ წონას უნდა გადახედოს 
გია ვოლსკი - ვფიქრობ, დავით უსუფაშვილმა თავის დონეს, რეალურ ადამიანურ, თუ პარტიულ წონას უნდა გადახედოს 

ვფიქრობ, დავით უსუფაშვილმა თავის დონეს, რეალურ, ადამიანურ თუ პარტიულ წონას უნდა გადახედოს, ვიდრე სხვის შეფასებას დაიწყებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე დავით უსუფაშვილის განცხადებას.

მისი განმარტებით, უსუფაშვილის განცხადებები შესაძლოა, გრამატიკულად გამართულია, თუმცა შინაარსისგან არის დაცლილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ დავით უსუფაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„პრეზიდენტის უფლებამოსილებები განისაზღვრება კონსტიტუციით. საკონსტიტუციო ვალდებულებები არ არის ისეთი, როგორიც იყო ადრე, არ მართავს პრეზიდენტი ქვეყანასა და მთავრობას. ამაზეა საუბარი და ჩვენ არ გვინდა, საზოგადოებას გავუჩინოთ არასწორი მოლოდინი პრეზიდენტისადმი. რასაც უსუფაშვილი აცხადებს, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტს კი არ ვაკნინებთ, საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას ვაწვდით იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის წარმომადგენლობითი, საგანგებო მნიშვნელობის მქონე, მაგრამ არა სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადამწყვეტი. ყველა ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, მათ შორის აღმოცენდა დავით უსუფაშვილიც, ჩემდა სამწუხაროდ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

დავით უსუფაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სრულიად ცალსახად და ღიად განაცხადეს, რომ ეძებენ ყველაზე უფრო სუსტ კანდიდატს საპრეზიდენტო თანამდებობისთვის. მისივე თქმით, არ აპირებს დაელოდოს, როდის აღიარებს მმართველი პარტია პირველ, მეორე ან მეხუთე ხარისხოვან პოლიტიკოსად.