დავით უსუფაშვილი - ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, გაყვნენ თუ არა„ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასება-მოწოდებას
დავით უსუფაშვილი - ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, გაყვნენ თუ არა„ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასება-მოწოდებას

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სრულიად ცალსახად და ღიად განაცხადეს, რომ ეძებენ ყველაზე უფრო სუსტ კანდიდატს საპრეზიდენტო თანამდებობისთვის, ახლა როგორ ფიქრობთ, ვზივარ და ვოცნებობ როდის მაღიარებს „ქართული ოცნება“ პირველ, მეორე ან მეხუთე ხარისხოვან პოლიტიკოსად, რომ მხარი დამიჭიროს, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეები, რომლებმაც 2012 წელს მხარი დაუჭირეს ცვლილებას და „ქართული ოცნების“ სახით დაინახეს ქვეყნის წინ წამყვანი ძალა, უნდა დაფიქრდნენ, არიან თუ არა თანახმა, გაყვნენ მმართველი გუნდის ლიდერების ამ მიდგომას.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ჩვენი ლიდერების დასახელებით ძალიან ავწევდით პრეზიდენტის ინსტიტუტის დატვირთვასო, ამიტომ სადმე პირველ, მეორე ან მეხუთე ხარისხოვან ადამიანებში ვეძებთ ვინმეს, რომ მხარი დავუჭიროთო. ახლა, როგორ ფიქრობთ, ვზივარ და ვოცნებობ, როდის მაღიარებს „ქართული ოცნება“ პირველ, მეორე ან მეხუთე ხარისხოვან პოლიტიკოსად, რომ მხარი დამიჭიროს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მე ვარ დაინტერესებული, რომ მოქალაქეები, რომლებმაც 2012 წელს მხარი დაუჭირეს ცვლილებას და „ქართული ოცნების“ სახით დაინახეს ქვეყნის წინ წამყვანი ძალა უნდა დაფიქრდნენ, არიან თუ არა თანახმა, გაყვნენ მმართველი გუნდის ლიდერების ამ მიდგომას – რაც შეიძლება სუსტი ადამიანი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, თუ აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი, მომზადებული, გონიერი და შესაფერისი ადამიანი პრეზიდენტობისთვის. ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, გაყვნენ „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასება-მოწოდებას, რომ აი, შევარჩიეთ ვიღაცა სუსტი და ამას მიეცით ხმა, თუ მათ თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი, რომ  ქვეყანას როგორი პრედენტის ეყოლება, მესამე,  თუ უმაღლეს ხარისხოვანი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არის დაინტერესებული მმართველი გუნდი, რომ სუსტ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, დავით უსუფაშვილი პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი თავადაც აინტერესებს.

„მეც მაინტერესებს, აქამდე როგორ მივიდა ეს ხალხი, რომელსაც გუშინ, გუშინწინ ვიცნობდი, როგორც საკმაოდ განათლებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიოფრიობასთან დაკავშირებითაც ასე თუ ისე ჰქონდათ ინფორმაციაც და გამოცდილებაც. მათ თუ წარმოუდგენიათ, რომ რომელიმე ქვეყნის, რომელიმე ევროპული პარტია, გინდ სახელისუფლო და გინდ ოპოზიციური, გამოვა და ამომრჩეველს ეტყვის, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული ახლა სუსტი კანდიდატის, ნაკლები პოლიტიკური წონის და ავტორიტეტის მქონე პირის შერჩევაში, რათა საერთო სახელმწიფოს მეთაურად ის გავამწესოთ. იქნებ, თავის თავს ჩაუტარონ ტესტი, მე ნუ მიპასუხებენ. სრულიად აშკარაა, რომ  საქმე გვაქვს რაღაც ძალიან დიდ დაბნეულობასთან. როგორც ჩანს, სახელისუფლო წნეხი, რაღაც გარკვეული კრიზისული მოვლენები იმდაგვარ ვითარებას ქმნის, რომ ეს ადამიანები აი, ამ ტიპის ვითარებაში იყენებენ საკუთარ თავს და იმ კანდიდატსაც, ვისაც მხარს უჭერენ. თუმცა, იმ კანდიდატისაც ვერაფერი გავიგე, ამ განცხადებების ფონზე, რომ მეორე და მესამე ხარისხოვან კანდიდატს ვეძებთო, სწორედ დღეს მიმართა, მხარი დამიჭირეთო. თუ ვინმე ერთმანეთში თანხმდება, რომ კი ბატონო, ვეძებ არაწონიან, ნაკლები ავტორიტეტის ადამიანს პრეზიდენტობისთვის და ვიღაცა ამბობს, კი ბატონო, აგერ ვარ მე და მხარი დამიჭირეთო, ეს მათი კერძო საქმეა. მთავარია, ამომრჩეველმა დაინახოს და გაიაზროს, რას ამბობენ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.