გია ვოლსკი - ვარშალომიძის განცხადებას თუ მივყვებით, საზოგადოების ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას გეგმავენ, ვიმედოვნებ, სამართალდამცველები ამას არ დაუშვებენ
გია ვოლსკი - ვარშალომიძის განცხადებას თუ მივყვებით, საზოგადოების ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას გეგმავენ, ვიმედოვნებ, სამართალდამცველები ამას არ დაუშვებენ

ვარშალომიძის განცხადებას თუ მივყვებით, გეგმავენ საქართველოში საზოგადოების ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ ლევან ვარშალომიძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს, არ არის დემოკრატიული სამყაროსთვის რაიმე გაუგონარი. მით უმეტეს, საქართველოში აქციები საკმაოდ ბევრი გვინახავს, საკმაოდ კორექტული და გაწონასწორებული რეაქცია ჰქონდა ამაზე სახელმწიფო სტრუქტურებს და ასეც იქნება, მაგრამ როდესაც აქცია ითვალისწინებს იმას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ადამიანებს, მათ შორის, თანამოქალაქეებს, რა საკვირველია, ეს დაგმობას იმსახურებს. არა მარტო სატელევიზო განცხადებებში მოხდება ამის დაგმობა, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ აქციას უპასუხებს თავისი პრინციპულობით და სახელმწიფოებრივი ხედვით, რომელიც ახასიათებს იმ ხალხს, ვინც საარჩევნო უბნებზე მიდის, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს. ასე რომ შეურაცხყოფა, გამოწვევა, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება არის ის ხელწერა, რომელიც ახასიათებს აი, ამ ნაცკლასტერს, რომელიც გაერთიანდა სააკაშვილის გარშემო. კი უარყოფენ ერთმანეთს, ხელს კრავენ, მუჯლუგუნებით უნდათ, რომ გაიკვლიონ გზა პოლიტიკურ ველზე, მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება და მათ შორის, 21 ნოემბერს იქნება ამის გარკვეული გამოვლინება. ყველას ვთხოვ, თავშეკავება გამოიჩინონ. ყველას ვთხოვ, სახელმწიფოებრივად იაზროვნონ და დაიცვან ჩვენი მომავალი, ჩვენი სტაბილურობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორის მოწყობასთან დაკავშირებით ლევან ვარშალომიძის გეგმა საზოგადოებრივი ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას ისახავს მიზნად.

„ძალიან ცუდია, როდესაც სამარცხვინო პიროვნება აკეთებს სამარცხვინო განცხადებას და საკუთარი მოქალაქეების დაპირისპირების გეგმის პროვოცირებას. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით და მადლობა ღმერთს, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც ვარშალომიძის პირობებშიც ხორციელდებოდა, დღეს არ არის შესაძლებელი. ამ ადამიანებს დღეს მხოლოდ, აი, ასეთი სპონტანური თუ დაგეგმილი ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიებების რესურსი გააჩნიათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები, მათ შორის, ვარშალომიძის განცხადებას თუ მივყვებით, გეგმავენ საქართველოში, სახელმწიფოში საზოგადოების ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები არ დაუშვებენ ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებას. სამართალდამცველები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებით მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით და პასუხისმგებლობით, ვიდრე ეს ვიგინდარა პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, ადამიანები დააპირისპირონ ერთმანეთს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.