გია ვოლსკი - სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე ყველა არაჯანსაღ დისკუსიას წერტილი დაესვა
გია ვოლსკი - სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე ყველა არაჯანსაღ დისკუსიას წერტილი დაესვა

ყველა დისკუსიას, არის თუ არა შესაბამისობაში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა საერთაშორისო სტანდარტებთან, წერტილი დაესვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხდა.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ აღნიშნულ საკითხზე დღეს ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ სერიოზული ბჭობა იყო იმასთან დაკავშირებით არის თუ არა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან დოკუმენტი, რასაც მეოთხე ტალღა ჰქვია, სასამართლო სისტემის დახვეწის, გაუმჯობესებისა და განვითარების. ამ თემაზე ახლახანს საუბარი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას. ყველაფერს, ყველა ამ დისკუსიას, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არაჯანსაღი, პოლიტიკურად ანგაჟირებული შინაარსით ვითარდებოდა, ვფიქრობ, წერტილი დაესვა, რადგან დღეს ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მყარად და ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს შესაბამისი ქვეყნების პოზიცია, ჩვენი პარტნიორების, რომლებსაც ამ სფეროში გაცილებით უფრო მეტი გამოცდილება გააჩნიათ. კარგია, რომ მათთან კონსულტაციების საფუძველზე ასეთი პროექტი მივიღეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ საკითხის განხილვები წინ არის.

დღეს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.