გია ვოლსკი - საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი
გია ვოლსკი - საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კონსულტაციებისთვის ელჩის გამოძახება ნამდვილად არის გარკვეული დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სხვა ფაქტორიც არსებობს.

„რაც შეეხება ელჩის დაბარების თემას, ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის ნამდვილად არის გარკვეული დიპლომატიური,  პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, საიდანაც ელჩს იძახებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არ არის მხოლოდ თემა, ორმხრივ ურთიერთობაში ეს უსიამოვნო გარემოება, რაც წარმოიშვა ყოფილი პრეზიდენტის გარკვეულ თანამდებობაზე, თუნდაც მეათეხარისხოვანი თანამდებობაზე დანიშვნით, რასაკვირველია, არის თემა, რომელმაც ჩრდილი მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს, მაგრამ არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვა თემაც. საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი და ელჩის მონაწილეობით, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ, რომ ეს სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის საქართველო-უკრაინის ურთიერთობებიდან გამომდინარე, არანაირად არ იყოს დაზიანებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებიდან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისთვის არსებობს.   სამინისტროში განმარტავენ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია. უწყებაში აცხადებენ, რომ დააკვირდებიან, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

ოფიციალურმა თბილისმა თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.