გია ვოლსკი - კვლევები აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ კავკასიისა და აზიის რეგიონში, არამედ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მონაცემებსაც წინ უსწრებს
გია ვოლსკი - კვლევები აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ კავკასიისა და აზიის რეგიონში, არამედ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მონაცემებსაც წინ უსწრებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო მოწინავე პოზიციებს ძალიან მყარად იკავებს და ეს იქნება განგრძობითი.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის მსგავსად, კვლევა „თრენს ინთერნეიშენალმაც“ გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ კავკასიისა და აზიის რეგიონში, არამედ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მონაცემებსაც პოზიტიურად წინ უსწრებს.

„თუნდაც, ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამ შემთვევაში ოპოზიცია რას იტყვის, აზრი არ აქვს. საქართველო მოწინავე პოზიციებს ძალიან მყარად იკავებს და ეს იქნება განგრძობითი. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევარმა საკითხი დააყენა არჩევნებთან დაკავშირებითაც, რომელიც ჩვენ ყველას გვაღელვებს. ეს საკითხი თავის კვლევაში რომც არ შეეტანა, კარგად ვიცით, რომ ეს ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად მომართულია ოპონენტების მიერ ვითარების შესარყევად და გვინდა, რომ ამ თემაზე შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე, ესენია: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა; ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება; საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.