გია ვოლსკი - საოკუპაციო რეჟიმის არაადამიანურმა საქციელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
გია ვოლსკი - საოკუპაციო რეჟიმის არაადამიანურმა საქციელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის არაადამიანურმა საქციელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ახალგორში მცხოვრები ადამიანის გარდაცვალების ფაქტი ოკუპაციის სახეა.

„პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი შემთხვევები აფხაზეთთან მიმართებაშიც იყო. დიდი ხანია, ასეთი შემთხვევები არ ყოფილა, თუმცა ამ არაადამიანურმა საქციელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. ეს არის ბოროტი სახე, რომელსაც ოკუპაცია ავლენს, მათ შორის ასეთი სახითაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

​ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.  მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად. ის  ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.