გია ვოლსკი - საოცარია ბრძოლა იმისთვის, რომ გინდა თუ არა, დავით გარეჯი საქართველოსი არ არის, სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ადვოკატებიც არიან ჩართული
გია ვოლსკი - საოცარია ბრძოლა იმისთვის, რომ გინდა თუ არა, დავით გარეჯი საქართველოსი არ არის, სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ადვოკატებიც არიან ჩართული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები პოლიტიკურ თამაშებში არიან ჩართული.

მისივე თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატები ჩართული არიან ბრძოლაში, რომელიც ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს შემადგენლობაში არ არის.

„სამწუხაროდ, ადვოკატები ჩართული არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ. ფაქტია, რომ დოკუმენტები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოლაპარაკებისას გამოიყენეს, იმ ისტორიული რეალობის ადეკვატური არ იყო, რასაც საქართველოს შემადგენლობაში დავით გარეჯის არსებობა ჰქვია. საერთოდ რომ არ ყოფილიყო არანაირი დოკუმენტი, ხელისუფლებას პოზიცია არ უნდა დაეთმო და ეძებნა ის, რისი მოძებნაც მოხერხდა ბოლო პერიოდში. ამაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა და სრული ინფორმაცია წარმოადგინა, მაგრამ ამ თემაზე არავინ რომ არ ილაპარაკოს, საოცარია იმისთვის ბრძოლა, რომ გინდა თუ არა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში ადვოკატებიც ჩართული არიან იმ მხარის პოზიციებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი საქართველოსი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

დატოვე კომენტარი