გია ვოლსკი - სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, ბიზნესის წინაშე ვალდებულებები შეასრულოს
გია ვოლსკი - სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, ბიზნესის წინაშე ვალდებულებები შეასრულოს

თუ ბიზნესი გადასახადების გადახდას დაიწყებს, სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, ბიზნესის წინაშე ვალდებულებები შეასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის არც საქართველო, რომელსაც წარმოების შეჩერება ხელს აძლევს, მით უმეტეს, თუ ამ წარმოებაზეა დამოკიდებული მედიასაშუალების ფუნქციონირება.

„მთავარია, სახელმწიფომ იფიქროს არა მარტო საშემოსავლო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების გაჩერების საშიშროებაზე, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და მითუმეტეს, ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო. თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, ეს არის ორმხრივი ინტერესი, მაგრამ ამ ინტერესს სხვადასხვა შინაარსი აქვს. ასე რომ, არ მგონია, რომ რამე არასწორი ხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ომეგას“ წარმოებაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული ტელევიზიის საქმიანობა და ამის გამო, სპეკულაციების მთელი კასკადი ვიხილეთ.

„წარმოება ერთია, მეორეა ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში მუშაობენ, არ იღებენ ხელფასს და საქმიანობა შეწყვიტეს იმის გამო, რომ ბიზნესმა ვერ შეძლო მათი ანაზღაურების გადახდა. თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოსთვის სასარგებლოა ომეგა ჯგუფის ამუშავება იმ პირობებით, რომ სახელმწიფოს დავალიანება უნდა გადაუხადოს“ – მიიჩნევს გია ვოლსკი.

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, კომპანია „ოჯთ“-მ მუშაობა განაახლა.

დატოვე კომენტარი