გია ვოლსკი - საინტერესო მოსაზრებებთან ერთად, „ენდიაის“ ანგარიშში პოლიტიკური ანგაჟირება იგრძნობა
გია ვოლსკი - საინტერესო მოსაზრებებთან ერთად, „ენდიაის“ ანგარიშში პოლიტიკური ანგაჟირება იგრძნობა

სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასხვისების საკითხს და თუ საჭიროა, დროებითი მმართველიც უნდა შეიყვანოს იმ ორგანიზაციაში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას სხვა სახელმწიფოზე ყიდის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“ ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ძალიან უხეში ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული.

„საინტერესო მოსაზრებებთან ერთად, „ენდიაის“ ანგარიშში პოლიტიკური ანგაჟირება იგრძნობა. ძალიან უხეში ფაქტობრივი შეცდომაა დაშვებული. ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაყიდვის, გასხვისების საკითხს და თუკი საჭიროა, დროებითი მმართველიც უნდა შეიყვანოს იმ ორგანიზაციაში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ყიდის სხვა სახელმწიფოზე, ელექტრონული კომუნიკაციები მაქვს მხედველობაში.  ამან შეიძლება უდიდესი ზიანი მოუტანოს ქვეყანას, მაგრამ არანაირი კავშირი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს მედიასთან, მედიის თავისუფლებასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და მათ დოკუმენტში სწორედ ასეა წარმოდგენილი ეს ვითარება და ეს კანონი. ეს მავნებლობაა. რასაკვირველია, ასეთი არასწორი ინფორმაციის მიწოდება იმით არის განპირობებული, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ 19 აგვისტოს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე ანგარიში გამოაქვეყნა. საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ „ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა, მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული, მათ შორის იგულისხმება მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა“.