გია ვოლსკი - საარჩევნო სისტემაზე ჩვენი შეთავაზება საზოგადოებამაც და პარტიებმაც ფურცელზე უნდა წაიკითხონ
გია ვოლსკი - საარჩევნო სისტემაზე ჩვენი შეთავაზება საზოგადოებამაც და პარტიებმაც ფურცელზე უნდა წაიკითხონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებების თაობაზე მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადება ფურცელზე უნდა გადავიდეს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ეს აუცილებელია, რათა ხალხმაც დაინახოს და საერთაშორისო თანამეგობრობამაც ზუსტად შეაფასოს, რასთან აქვს ხელისუფლებას საქმე.

„ბარიერთან დაკავშირებით იყო ცალკეული განცხადებები ერთპროცენტიანი, თუ სამპროცენტიანი, ეს თემაც სპეკულაციის საგანი გახდა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, რომელიც შესაბამისობაშია ქვეყნის ინტერესებთან. ყველა შემთხვევაში ფურცელზე უნდა წაიკითხონ საზოგადოებამაც და პოლიტიკურმა პარტიებმაც, რას ვფიქრობთ ამასთან მიმართებაში. ვფიქრობ, კანონპროექტის დარეგისტრირება უფრო რელევანტურია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა.

„თუ ასეთი ძლიერები არიან, გაიმარჯვონ. რომელიმემ მაინც თქვას, რომ მზად არის, გაიმარჯვოს კახეთში, ქართლში, რაჭაში, სამეგრელოში ან ნებისმიერ სხვა ოლქში. რომელიმემ თქვას, რომ მზად არის 40 პროცენტიანი ბარიერის გადასალახად პროპორციულ არჩევნებში. ასეთი განცხადებები უფრო იქნება სიტუაციის შესაბამისი, ვიდრე რომანტიკული მოწოდებები”, – დასძინა გია ვოლსკიმ.