გია ვოლსკი - სააკაშვილს რევოლუციური იდეა და სტრატეგია არასდროს უარყვია, მეორე ტურში მათი წარმატება ნაკლებად მოსალოდნელია
გია ვოლსკი - სააკაშვილს რევოლუციური იდეა და სტრატეგია არასდროს უარყვია, მეორე ტურში მათი წარმატება ნაკლებად მოსალოდნელია

პენიტენციური სისტემა გამართულად მუშაობს, ექიმები არიან მოწოდების სიმაღლეზე. არავინ დაუშვებს, რომ რომელიმე პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადმინისტრაციის გამო იყოს დაზარალებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თვალსაჩინოა დანაშაულები, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა.

„პოლიტიკური ფიგურა ნამდვილად არის, მაგრამ ძალიან თვალსაჩინოა და ყველასთვის ცნობილია დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინა და ყველა დანაშაულზე გასამართლებული არ არის. მთლიანად სისტემა შექმნა, მათ შორის საპატიმროებში, როდესაც ადამიანის წამება, სიცოცხლის და ჯანმრთელობის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ვერ ვერავინ გაბედავდა, თუნდაც შიმშილობას. ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, რომ შიმშილობა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს, ვოლსკიმ განაცხადა, რომ შიმშილობა ამის წინაპირობას ვერ ქმნის.

„იმავე ლოგიკით შეიძლება, შიმშილობა გამოაცხადოს თუნდაც ახლახანს დაკავებულმა ადამიანებმა, რომლებსაც ბრალი წაუყენეს ახალგაზრდა კაცის მკვლელობისთვის, ვთქვათ, შიმშილობა გამოაცხადოს რომელიმე დამნაშავემ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ – შიმშილობა ნამდვილად არ ქმნის საფუძველს, რომელიმე გათავისუფლდეს.

პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა, რომ არ არსებობდეს სულ ახლახანს თანამედროვე ისტორიაში გავლილი საკმაოდ მძიმე პერიოდი, როდესაც წამება, სიცოცხლის წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ათასობით მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ და ამას ყველაფერს სათავეში ედგა მმართველობა, რომელსაც მიხელ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, მათ შორის დანაშაულებების გარკვეულ ნაწილში პირადად სააკაშვილის მონაწილეობაა გამოკვეთილი. მეგის ქარდავა და ნებისმიერი სხვა თემა, რისთვისაც მოიხადეს ან იხდიან სასჯელს კონკრეტული პირები, ეს ყველაფერი მისი შემოქმედებაა. იგი გაცილებით მძიმე დანაშაულშია მხილებული, ვიდრე ზოგიერთი პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის მასზე მეტი წლის განმავლობაში. ნებისმიერი პატიმრის მიერ შიმშილობის გამოცხადება განთავისუფლების წინაპირობა ვერ გახდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წერილს, რისი საშუალებითაც მოქალაქეებს მიმართავს, რომ მთელი ყურადღება დაუთმონ არჩევნების მეორე ტურს, რათა 30 ოქტომბერს ერთად იზეიმონ გამარჯვება, ვოლსკიმ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი განცხადებები დასაჯერებელი არ არის.

„ამ ადამიანის არც ერთი სიტყვა და არც ერთი განცხადება არ არის დასაჯერებელი. მან ახლახანს გააკეთა განცხადება, რომ მეორე ტურმა და შესაძლო წარმატებამ უნდა განაპირობოს არა ის, რომ მუშაობა გაგრძელდეს პოლიტიკურ ველზე, არამედ მისი გათავისუფლებისთვის საზოგადოების, მასების მობილიზაცია უნდა მოახდინოს. ანუ რევოლუციური იდეა და სტრატეგია მას არასდროს არ უარყვია. ამის ერთ-ერთ გამაძლიერებელ კომპონენტად განიხილავს მეორე ტურებში შესაძლო წარმატებას, რაც ნაკლებად მოსალოდნელია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს წერილი გაავრცელა.

„ყველას მოგმართავთ თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება მას უნდა დაეთმოს. წინასწარ ჩემს გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – ნათქვამია წერილში.

დატოვე კომენტარი