გია ვოლსკი - სააკაშვილი უკვე მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს
გია ვოლსკი - სააკაშვილი უკვე მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს

მიხელ სააკაშვილი თანმიმდევრულად, უკვე მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ მოძრაობას, ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიხელ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება.

მისივე თქმით, სააკაშვილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც რევოლუციური სცენარის განვითარებას მუდმივად ცდილობს. რეალურად, მიხეილ სააკაშვილი არის დესტრუქციის სიმბოლო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ჩრდილს აყენებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც დაქვემდებარებული არიან „ნაცმოძრაობის“ დიქტატს. როცა მათი ლიდერები სხვა ლიდერებს აბუჩად აგდებით და დამამცირებელი ტერმინებით ესაუბრებიან, ეს არის მცირე ინდიკატორი იმისა, თუ ვინ განაპირობებს დესტრუქციულ პროცესებს.

არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხებთან მიმართებით თანმიმდევრულობა არ აქვს სააკაშვილს, იგი თანმიმდევრულად, უკვე მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ მოძრაობას. ძალიან ძნელია გარე შემფასებლად დავაყენო თავი, მაგრამ თუ პოლიტიკური პლატფორმიდან არ ვიტყვი, ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მათ შორის, „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ვალდებულებას, რომელიც ერისა და ისტორიის წინაშე აიღო, რომ ჩამოვიდეს საქართველოში სახალხო რეფერენდუმის წინ, შესარულებს.

„ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.