გია ვოლსკი რომან გოცირიძეს - ქურდული გარჩევა, სადისტობა, არაკომპეტენტურობა და თავგასულობა თქვენს მხარეს მოიკითხეთ
გია ვოლსკი რომან გოცირიძეს - ქურდული გარჩევა, სადისტობა, არაკომპეტენტურობა და თავგასულობა თქვენს მხარეს მოიკითხეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლონდონში „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება, შეწყვიტონ ბანკთან დაკავშირებული დავა, საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ პირდაპირი ვერდიქტია.

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე რომან გოცირიძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოში საკითხის სასამართლოში განხილვას აზრი არ აქვს.

„გუშინ ლონდონში „თიბისი ბანკის“ მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით და სარჩელი გამოაქვთ. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ საქართველოში საკითხის სასამართლოში განხილვას არავითარი აზრი არ აქვს, ვინაიდან სასამართლო „თიბისისთან“ დაკავშირებით შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ ქურდული გარჩევის დროს ასით ნოლი დამარცხდა მამუკა ხაზარაძე. ხაზარაძე, რომელმაც როგორც თავად ამბობს, 500 დოლარიდან შექმნა მილიარდნახევრიანი ბანკი, ტოვებს, გააგდეს ამ ბანკიდან, იძულებული გახდა, წასულიყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში „თიბისი ბანკმა“ 200 მილიონი დოლარი იზარალა. ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, უდიდესი რისკის ქვეშ დგებოდა არამხოლოდ „თიბისი“, არამედ საქართველოს საბანკო სისტემა.

„ის, რაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ხდება და, რასაც პარლამენტი სამშაბათს გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განიხილავს, უნდა იყოს თითოეული თქვენგანის მსჯელობის საგანი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს ნდობა, გააგრძელოს საქმიანობა. ამ ნდობით, ამ რეპუტაციით, მას საბანკო სისტემის მართვა არ შეუძლია. ეროვნული ბანკი გადაიქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვესტრუქტურად. კითხვის ნიშნებია ანაკლიასთან დაკავშირებითაც. ვინც ამ პროექტის ჩაშლას დააპირებს, ქართველი ხალხი გაასამართლებს. მამუკა ხაზარაძე 20 პროცენტის მფლობელია, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. 80 პროცენტში „ჯიპი მორგანია“ და სხვა გიგანტებია მონაწილე. როცა ამ გიგანტებს ამას უბედავთ ნებისმიერს გასრისავთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

ოპოზიციონერ დეპუტატს ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და მის განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.

„ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა, განგებ, იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. „ჯიპი მორგანის“ ხსენება ისე, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არაკომპეტენტური და არაეთიკური განცხადებაა. მეორე საკითხი, სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის, რაც მოხდა და მესამე, თვითონ მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, პირიქით, ამბობს რომ არ იცოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის შეფასებით, ფაქტი იმდენად ნათელია, რომ კამათი არ ღირს.

„ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, არაკომპეტენტურობაც და თავგასულობაც. არ შეიძლება, ყველაფრის თქვენს პოლიტიკურ ინტერესზე ჩამოკიდება არსებობს სახელმწიფო ინტერესიც და ზოგჯერ, ამაზეც უნდა დაფიქრდეთ“, – მიმართა გოცირიძეს გია ვოლსკიმ.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ასევე, როგორც ხარაძემ აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.