გია ვოლსკი - როცა ცხინვალის იზოლატორში იმყოფები, გულწრფელ განცხადებებზე ლაპარაკი ზედმეტია
გია ვოლსკი - როცა ცხინვალის იზოლატორში იმყოფები, გულწრფელ განცხადებებზე ლაპარაკი ზედმეტია

სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიას“ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეხმაურება. გია ვოლსკი დაკავებულის განცხადებების გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს.

დეპუტატის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ორი ამოცანაა შესასრულებელი, პირველი, ოთინაშვილებმა მიიღონ მათ შვილზე ზუსტი ინფორმაცია და მეორე, რაც შეიძლება მალე მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება.

ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მსგავს თემებზე სასაუბროდ ქვეყანა იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას, იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკებები თუ სხვა შეხვედრები.

„რასაკვირველია, როცა იზოლატორში იმყოფები, თან ცხინვალის იზოლატორში, გულწრფელ განცხადებებზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს დიდად, რომ მაინცდამინც ცუდად არის და ამით ჩვენ რაღაც მოგებას ვნახულობთ ამ საკითხზე. ტერიტორია ოკუპირებულია, იმ მოღალატეობრივი თუ დანაშაულებრივი შეცდომების გამო, რომელიც ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ და ყველაზე ხმამაღლა განცხადებებს დღეს ისინი აკეთებენ მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატები.
საჭიროა რუსეთთან მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ასევე რუსეთის მხრიდან გონიერების მოკრება, რათა კიდევ უფრო მეტად არ დაიზიანონ ისედაც დაზიანებული საერთაშორისო რეპუტაცია“,-განაცხადა ვოლსკიმ.

სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს. როგორც ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალებები წერენ, „მაია ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის“. მათივე ცნობით, დღეს მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში ოსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს და „როგორც თავად დაკავებულმა განაცხადა, კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის“.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.