გია ვოლსკი - რას შეეძლო, ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს
გია ვოლსკი - რას შეეძლო, ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრ ანრი ოხანაშვილის წყობილებიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურეს სიბილწესა და ღირსების შეურაცხყოფას შეეძლო. ამის შესახებ ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რას შეეძლო, ანრი ოხანაშვილი – გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს, თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეს ყველასთვის გასაგებია – მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას. სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე, ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა – „კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე“ – სრული ბოდვა, მასობრივი ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ, ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება“, – წერს გია ვოლსკი.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი.