გია ვოლსკი - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერთან“ დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოების საკითხია, მაგრამ პრეზიდენტმა შექმნილი ვითარება უნდა გაანალიზოს
გია ვოლსკი - რა მოხდა სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერთან“ დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოების საკითხია, მაგრამ პრეზიდენტმა შექმნილი ვითარება უნდა გაანალიზოს

რა მოხდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერთან“ დაკავშირებით, ამაზე პასუხები გვჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის გარკვევა შესაბამისი უწყებების საკითხიც არის, თუმცა პრეზიდენტმა შექმნილი ვითარება უნდა გაანალიზოს.

ამასთან, გია ვოლსკიმ აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორპარტიულ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„უხერხულობას შექმნილი ვითარება ქმნის, რადგან სტრატეგიულ ქვეყანასთან ვსარგებლობთ ორპარტიული მხარდაჭერით და ეს არაერთხელ იყო გამოხატული, თუნდაც კონგრესის გადაწყვეტილებებსა და პრეზიდენტის ინიციატივებში. ამაში მონაწილეობენ დემოკრატებიც და მათი ლიდერშიფი. რა მოხდა, შეცდომა ტექნიკური იყო თუ ვინმემ კიბერშეტევის კანონი დაარღვია, ეს შესაბამისი ორგანოების საკითხიც არის, მაგრამ პრეზიდენტმა შექმნილი ვითარება უნდა გაანალიზოს. ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ ვერც გამოცდილებას და ვერც ხედვას ისეთი ადამიანისა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. რაც მოხდა, მის პოლიტიკურ დამოკიდებულებასა და განწყობას არანაირად არ ეხება. რა მოხდა, ამაზე პასუხები გვჭირდება“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარება სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ ტრამპის პოსტის გაზიარება კიბერთავდასხმას უკავშირდებოდეს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.