პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ ტრამპის პოსტის გაზიარება კიბერთავდასხმას უკავშირდებოდეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ ტრამპის პოსტის გაზიარება კიბერთავდასხმას უკავშირდებოდეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარებაზე, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება ორი ვერსია, რომ ეს იყო სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომა ან კიბერთავდასხმა.

„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარება სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო.