გია ვოლსკი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებში არჩევნები არ შედის, მათთვის ერთადერთი მისაღები გზა დესტრუქციული და რევოლუციური სცენარია
გია ვოლსკი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებში არჩევნები არ შედის, მათთვის ერთადერთი მისაღები გზა დესტრუქციული და რევოლუციური სცენარია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, როცა კორონავირუსისგან გამოწვეული საფრთხის ასარიდებლად არ არსებობს გზა, გარდა საგანგებო ზომებისა, ამავე დროს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გამო, საგანგებო მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, დარჩენილი იყო მესამე გზა – საერთოდ მიეშვათ პროცესი უკონტროლოდ.

თუმცა, ვოლსკის თქმით, ამ შემთხვევაში არ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას.

ამიტომ, ვოლსკი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მიზანშეწონილად მიიჩნევს.

„კონსტიტუციურობის ნაწილში, ალბათ, იურისტები წარმოადგენენ თავის პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ როცა შექმნილია ასეთი ვითარება სახელმწიფოში, როცა ერთი მხრივ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ თუ არა რაღაც საგანგებო ზომებით, არ არსებობს ბუნებაში სხვა შესაძლებლობა, რომ ამ მომაკვდინებელ საფრთხეს დაუპირისპირდე, მეორე მხრივ, საგანგებო ვითარებასაც ვერ გააგრძელებ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, რასაკვირველია, არსებობს მესამე გზა – საერთოდ მიუშვა პროცესი უკონტროლოდ, მაგრამ არ ჩანს ვინმე, ერთი მაინც, რომელიც თავის თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას ასეთ შემთხვევაში“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას და რთულ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს თავს კარგად ართმევს.

„მაგრამ მეორე მხრივ გაუგებარია ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოზიცია, მაშ რა სურთ? რა წინადადებას იძლევიან? როგორ უნდა განავითაროს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკა ამ ვითარებაში? ამის პასუხი არის მხოლოდ ერთადერთი, რომელიც არ ისმის, მაგრამ შეიძლება ვიგულისხმოთ – არჩევნები ოპონენტების, ჩვენი ოპოზიციის გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებში არ შედის. ასე რომ, დესტრუქციული და რევოლუციური სცენარი არის მათთვის ერთადერთი მისაღები გზა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.

პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება. ცვლილებებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ამასთან, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.