გია ვოლსკი - თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რასაც რომან გოცირიძე ღაღადებს, მაშინ კიდევ ერთხელ მოუწევთ საკმაოდ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა
გია ვოლსკი - თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რასაც რომან გოცირიძე ღაღადებს, მაშინ კიდევ ერთხელ მოუწევთ საკმაოდ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა

ნინო ლომჯარიას დემონიზებას არავინ ცდილობს, ჩვენ ვცდილობთ, პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად, ინფორმაცია ობიექტური იყოს ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული სახალხო დამცველის ანგარიშის კომიტეტზე განხილვის საკითხზე განაცხადა.

ვოლსკის თქმით, როცა საუბარია პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტებზე, კონკრეტული გვარებიც უნდა დასახელდეს.

„ნინო ლომჯარიას დემონიზებას არავინ ცდილობს. ჩვენ ვცდილობთ, პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად, ინფორმაცია ობიექტური იყოს. თუ ამბობენ, რომ იქ ვიღაც არაფორმალურ მმართველობაშია ჩართული, კეთილი ინებონ და ამ ადამიანის გვარი დაასახელონ. ისე შეიძლება მეც ვილპარაკო, რომ ვთქვათ სახალხო დამცველის ოფისში არსებობს ადამიანი, ვინც სახალხო დამცველის ანგარიშების შინაარსს განაპირობებებს. რომ მკითხავენ, ეს ადამიანი დაასახელეო და მე არ დავასახელებ, ასე ყველაფერი შეიძლება, ითქვას. საჭიროა დასახელება, რომ გამოსწორდეს, ამასთან დაკავშირებით ზომები რეალურად მიიღონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, რომან გოცირიძის მოთხოვნას თეა წულუკიანის გადადგომაზე, ვოლსკი მას ასე პასუხობს.

„თუ  წულუკიანის გადადგომის დონეზეა, მაშინ მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის დიდი ხნით ციხეში ჩასმის საფუძველიც არსებობს იმის გამო, რაც ქართულ ციხეებში კეთდებოდა. 25 ათასი პატიმრიდან ნახევარს „ც“ ჰეპატიტი ჰქონდა. დღეს დამნაშავე მთავრობის წარმომადგენელი ჭიაბერაშვილი გამოდის და ხმამაღალ განცხადებებს უნამუსოდ აკეთებს. მაშინ ესენი პოლიტიკური ასპარეზიდან ვერდიქტით უნდა მოიშორო. ასე არ არის. ეს არ უხდება ჩვენს დემოკრატიას და სახელმწიფო ასეთი მიდგომებით ვერ განვითარდება. მითუმეტეს, რომ დაპირისპირება ისედაც საკმაოდ მძიმეა. თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რასაც გოცირიძე ღაღადებს, მაშინ საკმაოდ მძიმე კითხვებზე კიდევ ერთხელ მოუწევთ პასუხის გაცემა, მაგრამ ეს არ არის ის თემა, რაც რეალობას შეესაბამება“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მოხსენება უკიდურესად საგანგაშოა. მისი შეფასებით, ამ მოხსენების შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი თანამდებობიდან გადადგებოდა.