გია ვოლსკი - „ნაკერავზე გახეთქვა“ არ არის თბილისური გამოთქმა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია
გია ვოლსკი - „ნაკერავზე გახეთქვა“ არ არის თბილისური გამოთქმა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია

არც პროპორციული არჩევნების, არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, რადგან ვიცით, რისთვის ვმუშაობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში სტაბილურობაზე.

„იყო ასეთი მოსაზრებები, თითქოს ხელისუფლება თავად თხოულობს და მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე, იცით თქვენ ამის თაობაზე. ჩვენთვის ეს არ არის მიზანი აბსოლუტურად, რადგან ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა რატომაც არა?!“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება შეიძლება, დაეთანხმოს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ეს არ გულისხმობს დათანხმებას.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ. რეალურად იმის შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას, ვერ გეტყვით რომ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე, განსხვავებით ყველასგან, რომლებიც ზოგჯერ ნაკერავზე გახეთქვით და ზოგჯერ რაღაც სისულელეებით იმუქრებოდნენ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის თბილისური სიტყვა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია, აბსოლუტურად არ არის.

ჩვენს ინტერესებში აბსოლუტურად არ არის, რომ საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება, არც პროპორციული არჩევნების, არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით, რისთვის ვმუშაობთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გრიგოლ ვაშაძე გუშინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

„საქართველოში პარლამენტარიზმი მოკლეს, მოგვტაცეს სახელმწიფო. ახლა თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე ყველანაირი სისტემით და მოვიგებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.