გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება ზუგდიდში არის პროვოკაციული და აშკარად ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება ზუგდიდში არის პროვოკაციული და აშკარად ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული

„ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება ზუგდიდში არის აგრესიული, პროვოკაციული და აშკარად ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„რაც ზუსტად ვიცი, მაგარი საქმე არ არის საკრებულოს უკარნახო საკითხების დღის წესრიგი, საკრებულოც რაღაც გარკვეულ მასალას ელოდება. რაც თქვა გია დანელიამ ერთია, მაგრამ რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, არის მეორე. ეს არის ისტერიკა, აგრესიული ისტერიკა, რომელიც ერთ მიზანს ისახავს, რომ როგორმე მოემზადონ არჩევნების მეორე დღისთვის, რადგან არჩევნების დღის შედეგი მათთვის აბსოლუტურად ნათელია.

მათი ქმედება არის აშკარად აგრესიული, პროვოკაციული და აშკარად ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული. გია დანელია განმარტებებს ალბათ გააკეთებს, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია, რომ საკრებულომ ამ თემაზე იმსჯელოს და ჰქონდეს დადასტურებული ინფორმაცია ავთენტურობის მხრივ, რასაც ესე ხშირად აპელირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. თუ გაირკვა, რომ ამას ამბობს, ბუნებრივია მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ კარგად უნდა განიმარტოს ყველაფერი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“. გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.