გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ლიდერობის შენარჩუნებას ცდილობს
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ლიდერობის შენარჩუნებას ცდილობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ოპოზიციაში ლიდერობა შეინარჩუნოს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ერთობის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„„ევროპული საქართველო“ ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერობაში გარკვეული კონკურენცია გაუწიოს, სხვა პარტიებსაც სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. ვფიქრობ, რეალობას მაინც გამოხატავს ის, რასაც სააკაშვილი ამბობს. „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერია მთლიანად და ამის თქმა მათი გადმოსახედიდან უფრო სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა და შესთავაზა, ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.

ინიციატივის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უარზე საუბრისას კი, სააკაშვილმა აღნიშნა – „ახლა ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, ვერ დამეტოლებით“.