გია ვოლსკი მუხთარლის საქმეზე - გამოძიებისადმი მაქვს კითხვები, რომლებიც ბუნდოვან საკითხებზეა ორიენტირებული
გია ვოლსკი მუხთარლის საქმეზე - გამოძიებისადმი მაქვს კითხვები, რომლებიც ბუნდოვან საკითხებზეა ორიენტირებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, წლების მანძილზე ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მუშაობდა საქართველოში და მუშაობდა აზერბაიჯანის დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რაზეც არავის სმენია.

მისი თქმით, მუხთარლი არა ერთი წელი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრობდა. ამასთან, აცხადებს, რომ მუხთარლის საქმის გამოძიებისადმი კითხვები აქვს.

„მაქვს კითხვები გამოძიებისადმი, რომლებიც არა მხოლოდ ბუნდოვან საკითხებზეა ორიენტირებული, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულად პოლიტიკური შეფასებაც მაინტერესებს. წლების მანძილზე აფგან მუხთარლი მუშაობდა საქართველოში, მუშაობდა აზერბაიჯანის დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამის თაობაზე არავის გვსმენია. ცენტრიდან ადამიანი გაიტაცეს და ამასთან დაკავშირებით არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა, არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც მუხთარლის მეუღლის მხრიდან გაისმის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში უფრო მეტ განმარტებას გააკეთებს.

„რაც შეეხება აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რასაკვირელია, არ ვარ კომპეტენტური. გამორიცხულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს. მუხთარლი არა ერთი წელი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მშვიდობიანად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. მის მიმართ არც პრეტენზია ყოფილა და არც მისი სახელი გაგვიგია როგორც პოლიტიკური მოღვაწის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აფგან მუხთარლის სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.