გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ქმედებები სასირცხვილოა
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ქმედებები სასირცხვილოა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ქმედებები სასირცხვილოა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ეს ნივთიერება არის ქიმიური და ქიმიურმა ნივთიერებამ ზეგავლენა მოახდინა ყველა ჩვენგანზე, დეპუტატებზე, ჟურნალისტებზე. რამდენიმე ადამიანი საკმაოდ ცუდად გახდა. ექსპერტთა აზრით, ამას შეიძლება ქიმიური შეტევა ეწოდოს. ეს ღლიცინი და სირცხვილია მართლა ის, რასაც აკეთებენ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორც იქცევიან და რა დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მიმართ. ეს სირცხვილია და ზუსტად სახელიც შეეფერება ამ ორგანიზაციას. ეს აქცია გადაზრდილია პოლიტიკურ აქტივობაში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა, როცა ძალაუფლება ჰქონდა და ახლა ცდილობს, ძალადობის ელემენტები გაიხსენოს, რაც ახასიათებდათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.