გია ვოლსკი მეუფე იაკობის განცხადებებს სახელმწიფოზე, ეკლესიასა და კონკრეტულ პირებზე დარტყმას უწოდებს
გია ვოლსკი მეუფე იაკობის განცხადებებს სახელმწიფოზე, ეკლესიასა და კონკრეტულ პირებზე დარტყმას უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის შეფასებით, მეუფე იაკობს საკუთარი განცხადებებით სახელმწიფოზე, ეკლესიასა და კონკრეტულ პირებზე დარტყმა მიაქვს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მეუფე იაკობმა საკმაოდ გაუგებარი და ორაზროვანი განცხადებები გააკეთა.

„მძიმე ბრალდებები მედიაში, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ასპარეზზე ყოველდღიურ ნორმად იქცა და გამოდის, რომ გენერალურმა პროკურატურამ გარკვეული საქმე ყოველდღიურად უნდა აღძრას. ადამიანები, რომლებსაც მეუფე იაკობი ასახელებს, მის მონაყოლს არ ადასტურებენ. თავად მეუფე იაკობმაც ორჭოფული განცხადება გააკეთა, რომ საუბარი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მეუფე შიო უნდოდა და აქედან გამომდინარე, ჩანაცვლების საკითხს არ ეხებოდა. საკმაოდ გაუგებარი და ორაზროვანი განცხადებები გააკეთა. მორალურად არ განვიკითხავ, მაგრამ სამართლებრივ საკითხში პროკურატურას რჩევას ვერ მივცემ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, მსგავსი რადიკალური განცხადებებით მედია, პოლიტიკური სივრცე და საზოგადოება ზიანდება.

„შესაძლოა მეუფე იაკობი თავის წიაღსვლებს აკეთებს. ამბობს, ნასვამი ვიყავიო, ორჭოფულ განცხადებებს აკეთებს.

რაც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილს საკითხს, ძალიან ფანტასტიკურ თემად მეჩვენება. თუ ნიკოლაიშვილი დაადასტურებს, რომ მასზე ზემოქმედება იყო, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ერთი ადამიანის შეძახილით, არ მგონია, რომ საქმეს მსვლელობა უნდა მიეცეს, რადგან ასეთი განცხადებები და უფრო მძიმე ბრალდებები ყოველდღე გვესმის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის საკითხს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა: „ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს და მეუფე იაკობის მეგობარ რამაზ ნიკოლაიშვილს „აკაჩავებდა“ ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე, 15 000 000 მოიტანე, თორემ „დაგეხევაო“, რაზეც იაკობმა მისივე გამოგზავნილი კრიმინალური ავტორიტეტის პირით შეუთვალა ფარცხალაძეს – თავს მოგაჭრიო, რის მერე საქმეში ჩაერია მეუფე გერასიმე და ნიკოლაიშვილს უთხრა – 400 000 მოიტანე და დაგილაგებო“, – აღნიშნულია ჯაფარიძის ფეისბუქპოსტში.