გია ვოლსკი - მადლობელი ვარ ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის, მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს ერთმანეთს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია
გია ვოლსკი - მადლობელი ვარ ყაველაშვილის, ხუნდაძისა და სუბარის, მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს ერთმანეთს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია

ამ თემებზე, რაზეც ყაველაშვილი, ხუნდაძე და სუბარი საუბრობენ, ჩვენს შორის კიდევ მიმდინარეობს პოლემიკა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დიდი მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების და მეგობრების. მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს ერთმანეთს, მაგრამ ამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია. ჯერჯერობით, ამ საკითხზე სრული კომენტარი არ მაქვს, რა არის ისეთი საკითხები, მაგრამ მე შემიძლია, თქვენთან ერთად გავაანალიზო, რამდენად ეფექტური იყო საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და შემდეგ მოგიყვეთ, რა საკითხმა გამოიწვია ჩვენ შორის რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით, ასე დავარქმევ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ დატოვა მმართველი პარტიის რიგები სამმა დეპუტატმა და რა თემების გასაჯაროებას ითხოვდნენ ეს დეპუტატები, რაზეც უმრავლესობასა და მათ შორის თანხმობა ვერ მოხდა. მისი თქმით, როდესაც კეთდება განცხადებები, რომ ევროსტანდარტი იყო ის, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხდებოდა, ხოლო რაც ახლა ხდება, ეს ევროსტანდარტი არ არის და ასეთი რეზოლუცია მიიღება, ეს იმას ნიშნავს, რომ მიკერძოების ხარისხი იმდენად მაღალია, ევროპულ სტანდარტს არანაირად არ შეესატყვისება.

„თემა, რომელიც ევროსტანდარტს ეხება, არის საკმაოდ ფართო გაგების, მასში ეკონომიკაც შედის და ტრანსპორტიდან დაწყებული, ცხოველების, ფლორისა და ფაუნის მიმართ დამოკიდებულება და ა.შ. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ადამიანის უფლებების დაცვის და უზრუნველყოფის თემა და როდესაც შენ ევროპარლამენტართა 308-კაციანი შემადგენლობა, ძირითადად, „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე სახალხო პარტია გიპირისპირდება რეზოლუციით, სადაც აშკარად იკითხება, რომ ის ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ და რა მდგომარეობაც გაქვს, რომ წამებაზე სტრასბურგში არც ერთი საჩივარი აღარ არსებობს იმ საჩივრების გარდა, რაც აქვე, საქართველოშია განხილული, როდესაც შენ იცი, რომ წამების 30 ფაქტზე, სიცოცხლის უფლების 10 ფაქტზე, საკუთრების დაცვის და პირადი ცხოვრების, ოჯახის უსაფრთხოების ფაქტებზე სტრასბურგის ვერდიქტებია ჩამოსული და ისინი სააკაშვილის პერიოდის მმართველობას ეხება, როდესაც ეს ყველაფერი შენთვის ცნობილია, შენ კი გამოდიხარ და ამბობ, რომ ევროსტანდარტი ის იყო, ხოლო რაც ახლა ხდება, ეს არ არის ევროსტანდარტი და მუშტის ქნევით ასეთ რეზოლუციას იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მიკერძოების ხარისხი იმდენად მაღალია, ევროპულ სტანდარტს არანაირად არ შეესატყვისება. ამ თემაზე ღიად ისედაც ვლაპარაკობთ და რა საჭიროა ამ თემაზე კიდევ დამატებითი საუბარი, ან რა არის ისეთი, რასაც ჩვენ ვერ ვამბობთ? გვეუბნებიან და ამას მეც ვამბობ, რომ არ შეიძლება, ამის უკან არ იდგეს რაღაც ისეთი ფაქტორი, მაგალითად, ინტერესი იმისა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაებას; მაგალითად, საქართველომ, საგანგებო მნიშვნელობის გეოპოლიტიკურმა, სატრანზიტო რესურსების მქონე ქვეყანამ უნდა „მოახერხოს“ და დაექვემდებაროს ანა ფოტიგას ავადმყოფურ, აგრესიულ დამოკიდებულებას და მის წინაშე ქედის მოხრა უნდა იყოს ჩვენი მთავარი ნიშანი ევროპულობისა. რასაკვირველია, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი აზრები ერთმანეთს არ სცილდება და ერთად არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კიდევ აქვს შესასრულებელი ვალდებულებები, რომელიც ასოცირების გეგმაშია გაწერილი და კონფრონტაციის იმ ხარისხმა, რომელიც შეიძლება, ამ საკითხებზე საუბარმა გამოიწვიოს, შესაძლოა, არ მოახდინოს პოზიტიური გავლენა იმ პროცესზე, საიდანაც ქვეყანა 2012 წლიდან ასეთი ინტენსივობით მიისწრაფის.