გია ვოლსკი - კონსულტაციები აღარ გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში პრემიერი წარმოადგენს მომზადებულ ვერსიას
გია ვოლსკი - კონსულტაციები აღარ გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში პრემიერი წარმოადგენს მომზადებულ ვერსიას

კონსულტაციები აღარ გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში პრემიერი წარმოადგენს მომზადებულ ვერსიას, – ამის შესახებ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ძირითადი კონტურები ჩამოყალიბებული და ნათელია.

„პრემიერმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინა, ჩაიწერა უამრავი მოსაზრება, რომელიც ჩვენგან მიიღო. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ უფლება, რომ თავად წარმოადგინოს მომზადებული ვერსია.

ძირითადი კონტურები ყველასთვის ნათელია. მხარდაჭერა არის, სრული ურთიერთგაგებაა, იყო რაღაც საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები და სწორედ ამიტომ გაგვიგრძელდა საუბარი. ჩამოვყალიბდით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები აღარ გაგრძელდება, ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა ამ საკითხზე“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საუბარი იყო ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო სივრცეში უკვე გამოვიდა. ვოლსკი ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პრეროგატივა პრემიერ-მინისტრის. არის იერარქიულობა გარკვეულ თემებში, ეს არის პრემიერ-მინისრის პრეროგატივა და მის მიერ იქნება უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი.

დღეს მთავარი აქცენტები იყო შედეგებზე, თუ რა ეფექტი ექნება ამას, როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და რა მნიშვნელობა ექნება კიდევ მომავლისთვის, რათა სოციალურ პროგრამებს მეტი რესურსი დავახარჯოთ“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებები განიხილეს.

დატოვე კომენტარი