გია ვოლსკი - კონფერენციაზე ეპატაჟური მიჭრა არ არის მომგებიანი არც პოლიტიკური ძალისთვის და არც ქვეყნისთვის
გია ვოლსკი - კონფერენციაზე ეპატაჟური მიჭრა არ არის მომგებიანი არც პოლიტიკური ძალისთვის და არც ქვეყნისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ კონფერენციაზე შეჭრა კარგი და მომგებიანი არ არის არც პოლიტიკური ძალისთვის და არც ქვეყნისთვის.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„არ აქვს მნიშვნელობა, „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა, როცა გინდა, ასეთი ხმამაღალი, ეპატაჟური მიჭრით თავი დაანახო ვინმეს პოლიტიკურ ველზე, ეს არ არის კარგი და მომგებიანი არც იმ პოლიტიკური ძალისთვის და არც ქვეყნისთვის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.  კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.