გია ვოლსკი - ხელისუფლებას რომ მიმართავენ, სააკაშვილის თემაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არაკომპეტენტურია, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს
გია ვოლსკი - ხელისუფლებას რომ მიმართავენ, სააკაშვილის თემაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არაკომპეტენტურია, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს

საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული, რომ პიარკომპანიამ ისაუბროს, თითქოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას კი არ უწევენ, მოწამლულიც კი არის. ამაში მილიონები დახარჯეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, კონკრეტული საავადმყოფო კომპეტენტურია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ინფორმაცია იყოს შეცდომაში შეყვანის ერთ-ერთი რესურსი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგრამ საოცრება ის არის, რომ არცერთი მათგანი სააკაშვილს არ მოუწოდებს რეკომენდაციების შესრულებას. ერთადერთი სტრასბურგის სასამართლო იყო, რომელმაც სააკაშვილს მოუწოდა, დამორჩილებოდა იმ რეჟიმს, რომელშიც მისივე დანაშაულების გამო მოხვდა. მას ოჯახის წევრები არ მოუწოდებენ, რომ სრულფასოვანი კვება მიიღოს. კონკრეტული საავადმყოფო კომპეტენტურია იმისთვის, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ის, რომ ხელისუფლებას მიმართავენ, ამ თემაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არაკომპეტენტურია, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. პატიმარს, რომელიც გადაწყვეტს, თვითდაზიანება მიიღოს, არ შეიძლება, გზა თავისუფლებისკენ ჰქონდეს გახსნილი, რადგან ცუდ პრეცედენტს წარმოშობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები „ჰუმან რაითს ვოჩი“ და „ამნესთი ინთერნეიშენალი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სამედიცინო ჩვენებების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს გადახედონ.