გია ვოლსკი - კახა კალაძეზე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება „დათა თუთაშხიას“ მახსენებს
გია ვოლსკი - კახა კალაძეზე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება „დათა თუთაშხიას“ მახსენებს

კახა კალაძეზე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება „დათა თუთაშხიას“ მახსენებს, დავალებას რომ აძლევს, იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა, მეორეს უთხარი იგივე, ოღონდ პირიქითო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა, ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო. ამ საკითხებს სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ. ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილს სჭირდება ან იმისთვის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა თავის დამკვიდრება და კითხვებისგან თავის არიდება, ან რაღაც დიდი ვალი გააჩნია „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც დაიჭირა, უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. რეალურად, საქმე რასთან გვაქვს, ვერ გეტყვით. ბევრი განცხადება გააკეთა როგორც თვითაღიარების, ასევე თვითლუსტრაციის. ოქრუაშვილი საუბრობს, რომ „რეკეტის“ სისტემა ჰქონდა აწყობილი და სახელმწიფო მოხელეს შეეძლო, ეყიდა „რუსთავი 2“ ან სხვა ტელევიზია და ათეულობით მილიონ დოლარს ატრიალებდა. ამასაც დამტკიცება სჭირდება, რაც არ უნდა, თვითლუსტრაცია იყოს. პროკურატურის ნაცვლად, ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა.

„2016 წელს, როდესაც მომთხოვეს „რუსთავი 2“-ის ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე და უარი მიიღეს ჩემგან, თქვენ გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა?

ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი-მეთქი და 15 წუთში დაფქვა, მე კი არა, კახა კალაძე იყოო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ეთერში.