გია ვოლსკი - დავით გარეჯის საკითხთან დამოკიდებულება სრულად არის გამოხატული მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაში
გია ვოლსკი - დავით გარეჯის საკითხთან დამოკიდებულება სრულად არის გამოხატული მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაში

არ შეიძლება მეზობელ, მეგობარ ქვეყანას, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორიც არის აზერბაიჯანი რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს რომელიმე სიმაღლიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აქედან იმის თქმა, რომ სიმაღლე დავუთმეთ სტრატეგიული უსაფრთხოებისათვის არის აბსურდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დავით გარეჯის საკითხთან დამოკიდებულება სრულად არის გამოხატული მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაში.

„რასაკვირველია, ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ახლა ინტერპრეტაცია მიდის მედიასაშუალებებში, რომლებიც პოლიტიკური პლატფორმიდან გვიტევენ, თითქოს ვამბობთ, საზოგადოებას ვრაზმავთ და აგრესიას განვაპირობებთ კონკრეტული პიროვნებების მიერ. პირიქით ვამბობ. ესენი არიან მეორეხარისხოვანი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება, შეცდომა დაუშვეს, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხის მიმართ სრულად არის გამოხატული სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. გეოგრაფიის ან გეომეტრიის არცოდნა არის ის იმედი, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც საზოგადოებას აპარებდა აი, ამ ვითომდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. პირველი – არ შეიძლება მეზობელ, მეგობარ ქვეყანას, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორიც არის აზერბაიჯანი, რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს რომელიმე სიმაღლიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იმის თქმა, რომ სიმაღლე დავუთმეთ სტრატეგიული უსაფრთხოებისათვის, არის აბსურდი. აბსურდია ისიც, რომ მან სიმაღლის წინამდებარე ტერიტორია შეიძლება საქართველოს შემადგენლობაში დარჩეს, თუკი თავად სიმაღლე გადაეცა მეზობელ ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვსაუბრობ სტრატეგიულ, პარტნიორ, მეგობარ ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი მიუთითებს სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულ მიდგომაზე, რომელიც სავალდებულო წესით უნდა გაეთვალისწინებინა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას, ვოლსკი აღნიშნავს, რომ დავით დარჩიაშვილმა რაღაც ისტორიული ფაქტები აურია და პოლიტიკურ შეფასებებში გადავიდა.

„დავით დარჩიაშვილი როგორც პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს. იგი ამბობს, რომ სტალინის დროს გადაეცა ეს ტერიტორია აზერბაიჯანს. არის ფაქტი, არის შეთანხმება და ამ შეთანხმების დარღვევის წინაპირობები, სურათი გამოიკვეთა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ, დარჩიაშვილი იქნება, თუ სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის გვერდზე იძებნება. ამასთან, სააკაშვილის ეს განცხადება იძებნება საქართველოს პირველი არხის არქივშიც.