გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილის კომენტარები მის თანამდებობას არ შეესაბამება
გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილის კომენტარები მის თანამდებობას არ შეესაბამება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კომენტარები მის თანამდებობას არ შეესაბამება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

მან აღნიშნულის მაგალითად მასკარადთან დაკავშირებით პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება და ასევე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგინებაზე ხელმოწერის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება დაასახელა.

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ მინისტრობის ახალ კანდიდატებად გარკვეული გვარები და საკადრო ცვლილებების შესაძლო ვერსიები დასახელებულია, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

„სანამ ახალი პრემიერ-მინისტრი თავის მოსაზრებებს არ წარადგენს, მინისტრობის კანდიდატების გვარების წინასწარ თქმა, არათუ არასწორი, არამედ ხელისშემშლელი იქნება. მინისტრთა კაბინეტს ახალი ენერგია სჭირდება“ – განაცხადა ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ, ბათუმში გამართულ ფორუმზე – „საქართველოს ევროპული გზა“ გამოეხმაურა. მან პრემიერ-მინისტრების შერჩევის პროცესს მასკარადი უწოდა. ასევე, აღნიშნა, რომ ევროპაში პრემიერ-მინისტრები მმართველი პარტიის ლიდერები არიან და შესაბამისად, მარგველაშვილის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა დასახელებულიყო.

საპარლამენტო უმრავლესობამ  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა  და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს გადაუგზავნა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვს.