გიორგი მარგველაშვილი - ევროპაში მმართველი პარტიის ლიდერები არიან პრემიერ-მინისტრები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს
გიორგი მარგველაშვილი - ევროპაში მმართველი პარტიის ლიდერები არიან პრემიერ-მინისტრები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს

გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წავიდა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ფორუმზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესები ბევრად გასაგები და განჭვრეტადი უნდა იყოს.

„მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, თანამდებობიდან  უცებ რატომ მიდიან პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები. წინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ,  რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრია. რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები და რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი, რა პრინციპით და რა არგუმენტით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ პროცესს მასკარადი უწოდა და განაცხადა, რომ ეს უნდა დასრულდეს.

ამასთან, მარგველაშვილის განცხადებით, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს.

„მე მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან, ეს საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, უნდა დამთავრდეს.

თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები, რატომ წავიდა თანამდებობიდან და, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.