გია ვოლსკი - „ფრიდომ ჰაუსი“ საერთაშორისოდ ცნობილი ორგანიზაციაა, ასეთი გადაცდომები არის გამიზნული და კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს უკავშირდება
გია ვოლსკი - „ფრიდომ ჰაუსი“ საერთაშორისოდ ცნობილი ორგანიზაციაა, ასეთი გადაცდომები არის გამიზნული და კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს უკავშირდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ანგარიში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით რადიკალურად უპირისპირდება როგორც მაღალი დონის კვლევითი ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტნიორების საერთაშორისო შეფასებებს.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებით ჩატარებული რეფორმა შეფასებულია არა მხოლოდ მაღალ დონეზე, არამედ ქვეყანა პირველ ოცეულშია იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია.

„თუ კონკრეტული რაიმე „ქეისი“ აქვთ, რაშიც ეჭვი ეპარებათ, უნდა წარმოადგინონ. ან რა იციან, იმ მოსამართლეობის კანდიდატების ავტორიტეტის შესახებ, რომლებიც განიხილებოდნენ. თუ წლების განმავლობაში, მათ ავტორიტეტს ხინჯი ვერ მოუძებნეს და ახლა თუ არ არის პოლიტიკური მიკერძოება, რატომ აღმოჩნდა ასეთი დასკვნა მათ ანგარიშში? მთელი რიგი ფაქტობრივი შეუსაბამოებებია. თუნდაც, ის ფაქტი, სადაც საუბარია, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერი თითქოს პოლიტიკური აქტივობის შემდეგ გამოააშკარავეს, როგორც გარკვეული დარღვევის ჩამდენი“, – აღნიშნავს გია ვოლსკი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ანგარიშში არანაირი სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება, თუ რატომ მოხდა, რომ სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პარლამენტში შეტანილი საკითხი ჩავარდა და ეს რამდენად იყო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ინტერესი.

„სწორედ ახლა ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის იქნებოდა დამანგრეველი და ისეთ კრიზისს შექმნიდა, რომელსაც ქვეყანა ვერ გაუძლებდა ვერც ეკონომიკური და ვერც პოლიტიკური რესურსით. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის ძალისხმევა, რაც მთელ რიგ პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებს გააჩნდათ. არის კიდევ ფაქტობრივი შეუსაბამობები, რომელსაც „ფრიდომ ჰაუსის“ ავტორიტეტი არ შეესაბამება. ეს საერთაშორისოდ ცნობილი ორგანიზაციაა და ასეთი გადაცდომები არის გამიზნული და კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებს უკავშირდება. არის მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც უნდა განიხილოს და გაითვალისწინოს არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ევროპულმა ქვეყნებმაც, რომლებიც საქართველოსთან ერთად მოიხსენიებიან შენიშვნების ნაწილში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.