გია ვოლსკი - ევროკავშირის მისია მივლენილი იყო მალტაში, საქმეების შესწავლის ასეთი პრაქტიკა არსებობს
გია ვოლსკი - ევროკავშირის მისია მივლენილი იყო მალტაში, საქმეების შესწავლის ასეთი პრაქტიკა არსებობს

რამდენადაც მახსოვს, ევროკავშირის მისია მივლენილი იყო მალტაში, საქმეზე ფაქტების შესწავლის ასეთი პრაქტიკა არსებობს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს.

ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტარებისთვის მმართველი გუნდის წინადადება მისაღებია.

„ეს არ არის მხოლოდ სალომე სამადაშვილის განცხადება, ანალოგიური განცხადება გააკეთეს „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა წევრებმა, თუმცა ასეთი პრაქტიკაც არსებობს. თვითონ დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ასეთი რაკურსით წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, არის აბსოლუტურად ხატოვნად რომ ვთქვათ, ლაკმუსის ქაღალდი იმისათვის, რომ ვისაუბროთ, ვის რა პოზიცია გააჩნია ამ თემასთან მიმართებაში. ასეთი პრაქტიკა რამდენადაც მახსოვს იყო მალტაში, როდესაც ევროკავშირის მისია იქნა მივლენილი. ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვართ. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკური მოკავშირეები და მოწინააღმდეგეებიც, რომლებმაც საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს, ევროპარლამენტარები მყავს მხედველობაში, ყველა თანხმდება და ყველას ძალიან მისაღებად მიაჩნია ეს წინადადება. განცხადებებიც უკვე გაკეთდა ამასთან დაკავშირებით“ ,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს.

თუმცა, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნოს ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.