გია ვოლსკი - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში არის საკითხები, რაზეც მუშაობა გვმართებს
გია ვოლსკი - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში არის საკითხები, რაზეც მუშაობა გვმართებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსამართლეების დანიშვნის სისტემა პრაქტიკა გადავიდა საერთაშორისო სტანდარტის სისტემაზე.

მისივე თქმით, არის გარკვეული საკითხები, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„ძალიან პოზიტიურია ის, რომ ამ დასკვნაშიც აღნიშნულია ისეთი რამ, რაც საქართველოს სინამდვილისთვის არ იყო დამახასიათებელი, კერძოდ, მოსამართლეების შერჩევის, გასაუბრების და დამტკიცების სისტემა პრაქტიკა გადავიდა საერთაშორისო სტანდარტის სისტემაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული მიღწევა ქართული დემოკრატიისთვისაც და ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. არის შენიშვნები. ზოგიერთ შენიშვნას შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელიც მაგალითად, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, ამას ვერანაირად ვერ შევცვლით. არის გარკვეული საკითხები, რაზეც მუშაობა გვმართებს. მთავარი რეკომენდაცია არის, რომ აღარ გაგრძელდეს შევსება უზენაეს სასამართლოში. ეს თემა არის საფიქრალი, რადგან მხოლოდ ნახევარია ჯერჯერობით დაკომპლექტებული და ეს რაოდენობა საკმარისია, რომ პალატები დაკომპლექტდეს მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობით. სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ოდირმა მოგვცა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.