გია ვოლსკი - ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უფრო უნდა დავუკვირდეთ
გია ვოლსკი - ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უფრო უნდა დავუკვირდეთ

დავით ჭიჭინაძის განცხადებაში საწყენი არაფერი არ არის, უბრალოდ,  ერთ დერეფანში დავდივართ და ერთმანეთს ღია ეთერით არ უნდა ვესაუბროთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, დეპუტატებმა მსგავს რამეებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

„ეს გამონათქვამები მედიისთვის არის საინტერესო, ჩემთვის აქტუალური აღარ არის. დავით ჭიჭინაძე განსწავლული ადამიანია და კარგი გამოცდილება აქვს იმ დარგებში, რომელ კომიტეტებშიც მუშაობს. მის განცხადებაში საწყენი არაფერი არ არის, უბრალოდ, ერთ დერეფანში დავდივართ, ერთად ვართ და ღია ეთერით არ უნდა ვისაუბროთ. ეს ამოცანა და იდეაა, რომლის გამოც უახლოეს მომავალში სხდომა გაიმართება. რომ გვაკრიტიკებს, პრეტენზია და რაღაც საკითხებზე სხვა მოსაზრება აქვს, შეკრება და ამ საკითხების შიგნით, ოჯახში გარჩევა აქტუალური სწორედ ამიტომ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, დეპუტატები ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს მეტად უნდა დაუკვირდნენ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უფრო უნდა დავუკვირდეთ და მეტი სიფრთხილე უნდა გამოვხატოთ, რადგან ჩვენი გუნდისთვის საქმიან ატმოსფეროში არც კამათია უცხო და ეს პოზიტიური შედეგის მომტანიც არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადებას არაკორექტული უწოდა, რასაც მოგვიანებით ჭიჭინაძე გამოეხმაურა, კიპლინგის მაუგლი გაიხსენა და განაცხადა, რომ ვოლსკი ვეღარ გრძნობს რა არის კორექტული და რა არაკორექტული.