გია ვოლსკი - „დეილი მეილი“ ასეთი ინფორმაციების გავრცელებაში შემჩნეულია, ეს არის ზღაპარი, რომლისაც მცირეწლოვანებსაც არ სჯერათ
გია ვოლსკი - „დეილი მეილი“ ასეთი ინფორმაციების გავრცელებაში შემჩნეულია, ეს არის ზღაპარი, რომლისაც მცირეწლოვანებსაც არ სჯერათ

ურთიერთობის და თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენსა და ბრიტანეთს და ზოგადად, დასავლეთის სპეცსამსახურებს გააჩნიათ, არ ტოვებს არანაირ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის რამე განსხვავებული სტრატეგია ან რამე თემები მიმდინარეობს ისეთი, რაზეც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს გაცვლილი, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ „დეილი მეილის“ სტატიაზე კომენტარისას აღნიშნა.

ბრიტანული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში.

ვოლსკის თქმით, გამოცემა „დეილი მეილი“ შემჩნეულია ასეთი ინფორმაციების გავრცელებაში, სადაც ისინი ყვებიან, რომ არსებობს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანული ლაბორატორიიდან მოიპარა ვაქცინის ფორმულა და რომ ეს ჯგუფი საქართველოში მდებარეობს, თან თითქოს ის არის ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული.  ვოლსკის თქმით, ისინი ასევე ამბობენ, რომ ეს ჯგუფი მოპარული ვაქცინის ფორმულის უკან დაბრუნებაზე ევაჭრება და თუ მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაუხდიან ან თუ კარგად ივაჭრებენ, შესაძლოა, ნაკლებადაც დააბრუნონ ვაქცინა.

„ეს არის ისეთი ზღაპარი, რომლისაც ალბათ მცირეწლოვანებსაც არ სჯერათ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს თანამშრომლობის ის უპრეცენდენტო ხარისხი, განსაკუთრებით ამ კიბერუსაფრთხოების თემებში, ჩვენს სტრუქტურებსა და დასავლურ მათ შორის, ბრიტანულ სტრუქტურებს შორის სადაც, არ რჩება დამატებითი შეკითხვა. ის ტაშ-ფანდური, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“ ატეხილი, მიუთითებს იმას, რომ მათ გამოეცალათ ყველანაირი საფუძველი და ბოლო ხავსს ეკიდებიან, რათა ხალხი დააჯერონ იმაში, რაც არ არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.​