გია ვოლსკი - ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ, პოლიტიკური ოჯახი სწორად გვაქვს შერჩეული
გია ვოლსკი - ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ, პოლიტიკური ოჯახი სწორად გვაქვს შერჩეული

ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე სერიოზული დაცვითი მექანიზმების შექმნის მიზნით, ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური ოჯახი სწორად გვაქვს შერჩეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„არაერთხელ მითქვამს მეც და ჩემს კოლეგებსაც, რომ მსოფლიო დონეზე საკმაოდ მწვავე და ინტენსიურია დაპირისპირება, საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ საქართველოს თავისი საგამოძიებო მოქმედებები, თავისი რესურსი არ ჰყოფნის მთლიანად, რომ გასცეს საკადრისი პასუხი ასეთ საზარელ შემოტევას და მადლობა ღმერთს, ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე სერიოზული დაცვითი მექანიზმების შექმნის მიზნით. მე ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება, ჩვენი პოლიტიკური ოჯახი სწორად გვაქვს შერჩეული, სწორი გზა არის საერთაშორისო დონეზე. ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე, ხვალინდელ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

გია ვოლსკი ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-სა და სხვა ქვეყნების განცხადებებს მიესალმება, რომლებიც კიბერშეტევას გმობენ.

„მივესალმები, რომ განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა დონეზე, დიდმა ბრიტანეთმა. ვფიქრობ, კიდევ ბევრი ქვეყანა შეუერთდება ამ განცხადებებს და საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადება იქნება თვალსაჩინო და აქტუალური“, – განაცადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.