გია ვოლსკი - ჩავთვალოთ, რომ უკრაინის ელჩი, რომელიც თავის კაბინეტში არ ზის, გაწვეულია, თუმცა ფიზიკურად აქ იმყოფება
გია ვოლსკი - ჩავთვალოთ, რომ უკრაინის ელჩი, რომელიც თავის კაბინეტში არ ზის, გაწვეულია, თუმცა ფიზიკურად აქ იმყოფება

უკრაინამ ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ორი კვირაა ელჩი საქართველოში იმყოფება.

„ელჩი რომ საქართველოში იმყოფება, ამ თემიდან შეიძლება რაღაც სკანდალური გამოადნო, მაგრამ უკრაინის, ზელენსკისა და ელჩის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, უმჯობესია, ამ თემას აღარ ჩავყვეთ და ქილიკი არ დავიწყოთ, თურმე, ორი კვირაა საქართველოში იმყოფება. მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა და ჩავთვალოთ, რომ ელჩი, რომელიც თავის კაბინეტში არ ზის, გაწვეულია, თუმცა ფიზიკურად აქ იმყოფება. ცუდი ფაქტია და საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაფუჭებისთვის საკმაოდ დიდი ძალებია მობილიზებული, რათა კიდევ ჩვენ არ დავამატოთ ელჩის საკითხზე დამატებითი კომენტარები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია. უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დღეს დილით საელჩოს შენობაში მივიდა. დღეს საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე დოლგოვის საქართველოში ყოფნის თაობაზე განმარტება გააკეთა. „თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინაში სამი კვირაა, საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობას“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.