გია ვოლსკი - ბრიუსელიდან ორი მთავარი გზავნილია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და დემოკრატიის განვითარება პარლამენტს მიღმა არ არსებობს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ბრიუსელიდან მიიღეს ორი მთავარი გზავნილი, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, იყო სამართლიანი და დემოკრატიის განვითარება პარლამენტს მიღმა არ არსებობს.
„ორი მთავარი გზავნილი იყო, რომელიც მხოლოდ ბორელს არ ეკუთვნის. ეს არის მთლიანად ევროკავშირის განწყობა. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რთულია, 27 ქვეყანას ერთი და იმავე პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ როცა საკითხი ეხება ასოცირებულ წევრს, საქართველოს, რომელსაც ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური მიმართულებით საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რა საკვირველია, აქ ევროკავშირს ერთიანი პოზიცია აქვს. ორი მთავარი გზავნილი იყო – არჩევნები არ გაყალბებულა და იყო სამართლიანი. ასევე, დემოკრატიის განვითარება პარლამენტს მიღმა არ არსებობს.
ყველას თავისი პრეტენზიებით სრული რესურსი გააჩნია, პარლამენტში იმუშაოს, თუნდაც, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში. როცა შეგიძლია, კომისიას უხელმძღვანელო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებას იგნორს უკეთებ, ეს გარკვეულ მინიშნებას აკეთებს, რომელიც გარვეულწილად ბურჯანაძემ თავის გუშინდელ განცხადებაში გამოხატა. ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს – ევროკავშირი და ამერიკა ერთ მხარეს დგანან, ფაქტობრივად, ოპოზიცია ბარიერს მიღმა ჩამოყალიბდა, მისი კონტურები იქ მოიხაზა და დესტაბილიზაციის სურვილიც გაცილებით უფრო აშკარა გახდა მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს საქართველო მიაჩნია მთავარ საყრდენ წერტილად რეგიონში, სადაც საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს“, – განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს.
მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს, ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად.
ამასთან, ბორელის განმარტებით, მისი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები. აქვე, ბორელი აღნიშნავს, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია.