გია ვოლსკი - საქართველოსადმი აშშ-ის დამოკიდებულებას არც დევიდ კრამერის მოქმედება განსაზღვრავს და არც „პატრიოტთა ალიანსის“ ლოზუნგები
გია ვოლსკი - საქართველოსადმი აშშ-ის დამოკიდებულებას არც დევიდ კრამერის მოქმედება განსაზღვრავს და არც „პატრიოტთა ალიანსის“ ლოზუნგები

ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულებას არ განსაზღვრავს არც დევიდ კრამერის მოქმედება და მით უმეტეს, არც „პატრიოტთა ალიანსის“ ლოზუნგები, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ, ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკებაზე.

ამასთან, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს, ვოლსკი სულელურს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს.

„კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს ამ სულელურ განცხადებებს. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ გეგმებს, ეს მათ პოლიტიკურ ინტერესთან არის დაკავშირებული. მე დამაზიანებლად მიმაჩნია, რადგან აქ აშშ არაფერ შუაშია და აბსოლუტურად დამაზიანებელია საზოგადოებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს, კრამერი, რომელიც აბსოლუტურად არადიპლომატიურად და არაჯენტლმენურად მოიქცა, რამენაირად დაკავშირებულია აშშ-სთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სწორად მოიქცა. კონფერენციაზე მაინც მოუწიათ სიტყვის მიცემა. აშშ-ს საქართველოსადმი დამოკიდებულებას არ განსაზღვრავს არც კრამერის მოქმედება და მით უმეტეს, არც „პატრიოტთა ალიანსის“ ლოზუნგები და შეძახილები“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, 10 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.  კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერი და ინაშვილი შელაპარაკდნენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ 15 სექტემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას გეგმავს. ამასთან. ირმა ინაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან 10 სექტემბრის ინციდენტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.