გია ვოლსკი - არსებობენ პარტიები, რომელთა ინტერესში არ შედის 12 რეკომენდაციის შესრულება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა დეპოლარიზაციაზე მთავარი მოთხოვნა არ შესრულდეს
გია ვოლსკი - არსებობენ პარტიები, რომელთა ინტერესში არ შედის 12 რეკომენდაციის შესრულება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა დეპოლარიზაციაზე მთავარი მოთხოვნა არ შესრულდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომელთა ინტერესშიც არ შედის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება.

ვოლსკის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა არ შეჩერდეს სტრატეგია, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ.

„ბევრჯერ უნდა გავიმეორო და საზოგადოებას კიდევ და კიდევ ვაცნობოთ, რომ არიან ადამიანები, პოლიტიკური პარტიები, რადიკალური დავარქვათ მათ თუ ექსტრემისტული, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, 12 რეკომენდაციის შესრულება მათ ინტერესებში არანაირად არ შედის და ყველაფერს გააკეთებენ, რათა დეპოლარიზაციაზე მთავარი მოთხოვნა არ იქნას შესრულებული. არად დაგიდევენ იმას, რომ ახალი საარჩევნო კანონია მიღებული, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თუნდაც ვენეციის კომისიის შენიშვნებს, მოსაზრებებს და წინადადებებს ეხება, ექნებათ რადიკალური, არასწორი, ხშირ შემთხვევაში, უტიფარი პოზიცია, თითქოსდა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დასრულებულია, თითქოს 12 მუხლი უკვე ჩაგდებულია. ნებისმიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს, იქნება მათი პოლიტიკური ექსტრემიზმის დასასრული და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს სტრატეგია არ იქნას შეჩერებული. ამ სტრატეგიას ჰქვია დესტაბილიზაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, – განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციას, ვოლსკის განცხადებით, „9 აპრილის აქცია არის უნამუსობა იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც ეს გამოაცხადა“.

„იმ სადისტური რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა, ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, ეროვნული ღირსების თემა ფეხქვეშ გათელოს და ეროვნული მოძრაობის მანტია მოისხას. სწორედ ეს დააკავშირეს ამ თარიღს, აქ ხაბეიშვილი არაფერს წარმოადგენს, რაღაც პაიკია და პაიკიც არ არის. გავიხსენოთ ყველა აქცია, რომელიც ჩატარდა და ვანო მერაბიშვილის ხელით იქნა დარბეული. ადამიანები მოკვდნენ, ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ დახოცილი და იმდენმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები, რომ დღემდე ვერ გამოსულან იმ მდგომარეობიდან. ეს ადამიანი ამბობს, რომ ეროვნული სიმბოლო, 9 აპრილი უნდა მოირგოს, უნდა ჩამოიცვას თავზე თუ მოიცვას მხრებზე ეს სიმბოლო და ამ სიბოლოთი უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს, საქართველოს ინტერესებს და მის სტაბილურობას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევენ დროს, რათა ანახონ საზოგადოებას, რომ იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.