გია ვოლსკი - არანაირი ცენზურა არ იქნება, საუბარია დეზინფორმაციის თავიდან აცილებაზე
გია ვოლსკი - არანაირი ცენზურა არ იქნება, საუბარია დეზინფორმაციის თავიდან აცილებაზე

პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დეზინფორმაციის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით ინიცირებულმა ცვლილებებმა გავლენა უნდა მოახდინოს სწორედ „ფეიკ ნიუსზე“, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიადგეს ჩრდილი სიტყვისა და მედიის თავისუფლებას.

„მედია ექსპერტები ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ საქმეებში, ვინაიდან ასეთი ევროპული გამოცდილება არსებობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიადგეს ჩრდილი იმ მიღწევას, რასაც ჰქვია სიტყვის და მედიის თავისუფლება, რომელშიც ჩვენ მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ვართ. ამ მაჩვენებელზე ამან არანაირად არ უნდა იმოქმედოს, მაგრამ გავლენა უნდა მოახდინოს იმაზე, რასაც „ფეიკ ნიუსი“ ჰქვია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობისთვის ძალიან დამახასიათებელი გახდა. ისედაც დაძაბულ ვითარებაში საკმაოდ სერიოზული დისონანსი შემოაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ და აქვე აღნიშნა, რომ არანაირი ცენზურა არ იქნება.

„რა ცენზურა აქვს მაგალითად, მთავარ არხს, როდესაც დედას იგინებიან ღია ეთერში. აქ არის საუბარი იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ გარკვეულწილად შენიშვნები, რომ ხშირ შემთხვევაში პილიტიკოსები და მედიასაშუალებები  არასწორი ინფორმაციის გავრცელებით სცოდავენ, რასაც საკმაოდ სერიოზული ზიანი მოაქვს ზოგადად პოლიტიკური ველისთვის და საზოგადოებრივი ყოველდღიური ცხოვრებისთვის“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დეზინფორმაციის თავიდან აცილებას ეხება.

„ჩვენ გვაქვს ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას. ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. არის კანონპროექტი ინიცირებული  სხვადასხვა სივრცეზე, მარტო „ფეისბუქი“ ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა არის თუნდაც სატელევიზიო სივრცე და ნებისმიერი სხვა სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესია“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.