გია ვოლსკი - არ შეიძლება, პრეზიდენტი თავისი ფუნქციებითა და სტრატეგიული ამოცანებით ექვემდებარებოდეს სტრუქტურას, რომლის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრია
გია ვოლსკი - არ შეიძლება, პრეზიდენტი თავისი ფუნქციებითა და სტრატეგიული ამოცანებით ექვემდებარებოდეს სტრუქტურას, რომლის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტი თავისი ფუნქციებითა და სტრატეგიული ამოცანებით ექვემდებარებოდეს იმ ფორმატის ხელმძღვანელს, რომლის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია. ამის შესახებ გია ვოლსკიმ ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება აქვს, ინფორმაცია მიიღოს და კონსულტაციები ჰქონდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან.

ამასთან, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, უნდა მოიძებნოს ისეთი ფორმა, რომ პრეზიდენტი თავისი უფლებების ფარგლებში სრულად იყოს ინფორმირებული.

„ურთიერთობის გარკვეული ფორმა და არხი უნდა მოქმედებდეს ყოველდღიურ რეჟიმში და არა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დღეს. პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება აქვს, ინფორმაცია მიიღოს და კონსულტაციები ჰქონდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. საბჭო არ იხილავს მხოლოდ თავდაცვის საკითხებს და იმ საკითხებს, სადაც პრეზიდენტს საკონსტიტუციო ვალდებულებები გააჩნია. პრეზიდენტი არ შეიძლება, პრემიერის სტრუქტურას ექვემდებარებოდეს, სადაც პრემიერია თავმჯდომარე და ისეთი ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ პრეზიდენტი თავისი უფლებების ფარგლებში სრულად იყოს ინფორმირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე დღეს პირველი კონსულტაცია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიმდინარეობს საუბარი ფორმასა და შინაარსზე, როგორ უნდა იყოს ჩართული პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოში.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.

„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.