დიმიტრი გაბუნია - მიმდინარეობს საუბარი ფორმასა და შინაარსზე, როგორ უნდა იყოს ჩართული პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოში
დიმიტრი გაბუნია - მიმდინარეობს საუბარი ფორმასა და შინაარსზე, როგორ უნდა იყოს ჩართული პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოში

მიმდინარეობს საუბარი ფორმასა და შინაარსზე, როგორ უნდა იყოს ჩართული პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე დღეს პირველი კონსულტაცია გაიმართა.

„ჯერ არანაირი დაპირება არ მიგვიღია. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოში მონაწილეობა გარკვეული ფორმით უნდა მიიღოს, თუმცა ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ეს პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანოა. ასევე ვიაზრებთ, რომ გარკვეულ უხერხულობას შექმნის პრეზიდენტის როგორც წევრის მონაწილეობა, თუმცა პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გარკვეული ფორმით მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. შევჯერდით გარკვეულ საკითხებზე“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

​მისივე განცხადებით, კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილება ზუსტად არის გაწერილი.

„პრეზიდენტი კონსტიტუციით არის და მომავალშიც სრულად ინფორმირებული იქნება, რომ თავდაცვის ნაწილში თავისი კომპეტენციები განახორციელოს. საუბარი მიმდინარეობს შინაარსზე, კანონში რა ფორმით ჩაიწეროს კომუნიკაცია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უსაფრთხოების ნაწილში. ჩვენთვის ამოსავალია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება შეუფერხებლად უნდა განახორციელოს და ამაზე ვთანხმდებით. კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილება ზუსტად არის გაწერილი. ფორმასა და შინაარსზე ვმსჯელობთ, როგორ უნდა იყოს ჩართული პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოში. საუბარია, როგორ მიიღოს პრეზიდენტმა ინფორმაცია, რათა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ეფექტურად განახორციელოს. გვექნება დამატებითი შეხვედრები“, – განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი კონსულტაციის შესახებ ინფორმაციასა და პარლამენტის ხედვას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გააცნობს.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.

„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.