გია ვოლსკი - არ მგონია, თეა წულუკიანმა კანონები ნინო ლომჯარიაზე ნაკლებად იცოდეს
გია ვოლსკი - არ მგონია, თეა წულუკიანმა კანონები ნინო ლომჯარიაზე ნაკლებად იცოდეს

არ მგონია, თეა წულუკიანმა ნაკლებად იცოდეს კანონები, ვიდრე ნინო ლომჯარიამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ვოლსკის თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს რომ არ გაევრცელებინა ინფორმაცია სახალხო დამცველის შეხვედრაზე პენიტენციურ დაწესებულებაში, აღნიშნულის შესახებ მაინც გახდებოდა ცნობილი.

„რომც არ გაესაჯაროებინა ინფორმაცია, ტელევიზიებს და მედიებს რომ არ მიექციათ ყურადღება, ეს ინფორმაცია გარეთ მაინც გამოვიდოდა. რა არის ეს დამალვა და ჩრდილში ყოფნა, მე არ მესმის. სულ რომ არ ყოფილიყო ეს კითხვა დასმული, რასაკვირველია, ხალხი ამის თაობაზე გაიგებდა. რა არის, კონსპირაციაა, თუ დასამალი აქვს საზოგადოებისაგან სახალხო დამცველს? რამდენად სახალხოა კიდევ, არ ვიცით.  მე ვამართლებ საერთოდ გამჭვირვალობას და რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას საზოგადოებისათვის. მით უმეტეს, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ტაქტი, რომ საზოგადოებას არ დაუმალოს ინფორმაცია, განსაკუთრებით თავისი აქტივობების შესახებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნინო ლომჯარია გუშინ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი, შეხვედრაზე უარი განაცხადა.